ნაბიჯი დიქტატურისკენ - ასე უწოდებენ პოლიტიკურ და სამოქალაქო სპექტრში იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას პარლამენტის ნებართვის გარეშე, პანდემიის მოტივით შეზღუდვების დაწესება შეეძლება.
ყოფილი თანაგუნდელები „ქართულ ოცნებას" აფრთხილებენ - ქვეყნის მთავარ კანონს პატივი სცეს და ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა გადაიფიქროს. კონსტიტუცია კი, მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დაირღვევა იმ შემთხვევაში თუ საგანგებო შეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლებას საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებელს კიდევ 6 თვით, 2021 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიის მოტივით, მთავრობას შეეძლება თავად გადაწყვიტოს, როდის, რა ვადით, სად და რა შეზღუდვებს დააწესებს. ეს კი მაშინ, როდესაც ქვეყანა საარჩევნო რეჟიმშია.
ასეთი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას მაისშიც, როდესაც მმართველმა გუნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ეს დროებითი ნორმა ჩაამატა - 15 ივლისამდე. ოპონენტები ამ ჩანაფიქრის უკან მთავრობის პოლიტიკურ გეგმას ხედავენ - უკონტროლო უფლება წინასაარჩევნო და პოსტ საარჩევნო პერიოდში ვითარების გასაკონტროლებლად გამოიყენოს. მაგალითად, ხელი შეუშალოს ოპონენტების საარჩევნო კამპანიას, ან მანიფესტაციისა და სიტყვის თავისუფლებას. ოპოზიციის განცხადებით, ამ ნაბიჯით, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის როლსაც აკნინებს.
ოპონენტებს მმართველ გუნდში პასუხობენ, რომ მათი შიშები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. ხელისუფლების მთავარი მიზანი კი, საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ამ განცხადებების მიუხედავად, მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილს დღეს არ დაუმალავს, რომ სადავო ნორმის ვადის გახანგრძლივების ერთ-ერთი მიზეზი არჩევნებიც არის.
არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მაისში დამტკიცებული ამ სადავო ნორმის გამო პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს, იმედი აქვთ, რომ ვადის გახანგრძლივებამდე სასამართლო სარჩელს წარმოებაში მიიღებს.
პარლამენტი საკანონმდებლო ჩანაწერისთვის ვადის გაგრძელებას, რომელიც მთავრობას პანდემიის გამო ერთპიროვნული გადაწყვეტილებების უფლებას უხანგრძლივებს, კენჭს მომავალ კვირაში უყრის.