logo
ENG



ნაგვით სავსე ყაზბეგის ეროვნული პარკი

25 ოქტ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
4wiql3cd7j5hr9y.jpg

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია.

გავრცებეული ფოტომასალიდან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურებისთვის გარემოს დაბინძურებისგან დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაფრთხილება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინდა ყველას, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს მოვუწოდო, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, ნუ დაანაგვიანებენ ტერიტორიებს. ადგილობრივი ბიზნესექტორის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა დასუფთავების აქციებში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, რომელიც მყინვარწვერისკენ მიმავალი ბილიკის დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.

ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

 

 

 


close დახურვა