logo
ENG



ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის ცესკოში ხელმოწერები მიიტანა

31 იან 202417:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/31/uqi0gmd6a4svfep.png

ანტისაომარი განცხადებების მქონე რუსმა პოლიტიკოსმა, ბორის ნადეჟდინმა საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში ხელმოწერები მიიტანა. ნადეჟდინისთვის სავალდებულო იყო 100-105 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

"აქ დგას ყუთები, რომლებში რუსეთის 105 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა, ხაზს ვუსვამ, შეგროვებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რადგანაც ათობით ათასმა ადამიანმა ხელი მოაწერა რუსეთის ფარგლებს გარეთ. ის ხელმოწერები აქ არ მოგვიტანია, მაგრამ ცალკე დავითვლით", - განაცხადა ნადეჟდინმა.

ბორის ნადეჟდინი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც ღიად გამოდის ომის წინააღმდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. მისი კანდიდატურა პარტია "სამოქალაქო ინიციატივამ" წამოაყენა.

გარდა ამისა, დღეს ცესკოში ხელმოწერების ჩაბარების შემდეგ თავისი კანდიდატურა "თავისუფლებისა და სამართლიანობის რუსული პარტიის" თავმკდომარემ, ანდრეი ბოგდანოვმა მოხსნა. მან განმარტა, რომ უცხოეთში აღმოაჩინა ანგარიში, რომელიც დახურული არაა. მანამდე თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს ირინა სვირიდოვამ და სერგეი ბაბურინმა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-დან 17 მარტამდე გაიმართება. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია ოთხი კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, "ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი" ლეონიდ სლუცკი, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ნიკოლაი ხარიტონოვი და "ახალი ხალხის" პარტიის წევრი ვლადისლავ დავანკოვი.


close დახურვა