logo
ENG



ნადირაშვილი: ივანიშვილს უნდა დავანახოთ, რომ ადამიანები ხმების მოპარვას არ ეგუებიან

08 ნოე 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ დღეს აქციაზე შეკრებილ ხალხს ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

მისი თქმით, აქციაზე ყოფნა მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ ივანიშვილს დაანახოს, რომ ისინი ხმების მოპარვას არ ეგუებიან.

"რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, ეს არის კოორდინირებული პროცესი, ამ აქციის ფარგლებში ჩვენ ყველა მონაწილეს გავაცნობთ უახლესი დღეების სამოქმედო გეგმას. მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნების დანიშვნა,.

ჩვენ ივანიშვილს და მის მონებს უნდა დავანახოთ, რომ რუსთაველზე დგანან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ხმების მოპარვას, არ ეგუებიან, რომ საქართველო გახდეს პუტინის რუსეთი, რომ არჩევნები ტარდებოდეს იარაღიანი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ, ქუჩის მობილიზებით",-ამბობს ნადირაშვილი.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ევროპული საქართველოს წევრები და მათი მხარდამჭერები 1-ლ სკოლასთან იკრიბებიან და ისინი აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე იწყება.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები პარლამენტს ბოიკოტს ერთხმად უცხადებენ. 

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 


close დახურვა