logo
ENG



ნავალნი: ჩემ წინააღმდეგ ტერორიზმის საქმე აღძრეს, დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება

26 აპრ 202314:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/26/873ncgxi8x63a5w.jpg

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღძრეს, რომლის თანახმადაც, მას დამატებით 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის ამ საქმეს "აბსურდულს" უწოდებს.

ალექსეი ნავალნი უკვე ათწლეულზე მეტია, რაც რუსეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერია და კორუფციისა და კრემლის მხრიდან ადამიანის უფლებათა შელახვის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. 

"მათ დააყენეს აბსურდული ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, მე 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრება. თითქოს, მე ციხეში ყოფნისას ჩავიდინე ტერორისტული აქტები. დაჟინებით ვამტკიცებ, რომ პროცესის დახურვის მცდელობა არის არა მხოლოდ საქმის გაცნობაში ხელის შეშლის მცდელობა, არამედ იმის მცდელობაც, რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ", - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ალექსეი ნავალნიმ განაცხადა.

როგორც რუსი ოპოზიციონერი აღნიშნავს, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მან ციხეში ტერორიზმი ჩაიდინა. მისი თქმით, ამ საქმეს სამხედრო სასამართლო განიხილავს.

***

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ახლა პატიმრობაშია და სასჯელს რუსეთში, იძულებითი შრომის კოლონიაში იხდის.

აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. მან გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვე ბერლინში გაატარა. 2021 წლის იანვარში კი ის მოსკოვში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. ნავალნის საპატიმროში კიდევ 2 წელზე მეტი დარჩა. მან 2021 წლის მარტში ხანგრძლივი შიმშილობა დაიწყო, რითაც სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტა.

ევროპარლამენტარებმა 2021 წლის იანვარში რეზოლუცია შეადგინეს, რითაც ნავალნისა და სხვა პატიმრობაში მყოფი აქტივისტების მყისიერი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. ამის გარდა რეზოლუცია ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდასაც ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა ევროპარლამენტმა 2021 წლის აპრილშიც გაიმეორა.

 


close დახურვა