logo
ENG



ნავალნის გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ვილნიუსში ჩაქუჩით თავს დაესხნენ

13 მარ 202414:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/13/pkadbe4wr9udm7b.jpg

დაღუპული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს ლეონიდ ვოლკოვს 12 მარტს, გვიან ღამით ვილნიუსში საკუთარი სახლის მიმდებარედ ჩაქუჩით თავს დაესხნენ.

"თავს დამესხნენ პირდაპირ სახლის ეზოში, 15-ჯერ ჩამარტყეს ფეხში. ფეხი, ასე თუ ისე, კარგად მაქვს, ვერ დავდივარ, თუმცა მეუბნებიან, რომ მოტეხილობა არ მაქვს. მოტეხილი მაქვს ხელი", - თქვა მან გვიან ღამით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

თავდასხმის შემდეგ ლეონიდ ვოლკოვმა თქვა, რომ თავს ერთი პირი დაესხა. ის ამბობს, რომ "იმუშავებს და არ დანებდება". ვოლკოვის თქმით, ეს იყო "ტიპური, დამახასიათებელი, ბანდიტური სალამი პუტინის ბანდიტური პეტერბურგიდან".

ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა ერთ-ერთ სააგენტოს უთხრა, რომ შესაძლოა, ვოლკოვს ორი პირი დაესხა თავს. მისი თქმით, ლეონიდმა მხოლოდ ერთი თავდამსხმელის დანახვა მოასწრო, თუმცა ცოლს ფანჯრიდან მოეჩვენა, რომ ბოლო მომენტში ადგილზე 2 პირი იმყოფებოდა.

ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმის ფაქტი ლიეტუვის პოლიციამ დაადასტურა და თქვა, რომ შემთხვევა 22:06 საათზე მოხდა. თავდასხმის ფაქტს ლიეტუვის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს. პოლიციის გენერალური კომისრის მოადგილემ თქვა, რომ განიხილება მომხდარის რამდენიმე ვერსია.

ვოლკოვზე თავდასხმას ლიეტუვაში აშშ-ის ელჩი კარა მაკდონალდი გამოეხმაურა და თქვა, რომ "შოკირებულია" მომხდარით. "მისი გამძლეობა და გამბედაობა გაჩუმებისა და დაშინების ბოლო მცდელობების წინაშე შთამაგონებელია. ნავალნის გუნდი აგრძელებს ღიად წინააღმდეგობის გაწევას კრემლის რეპრესიებისა და სისასტიკისთვის", - დაწერა მან Twitter-ზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა "შოკისმომგვრელი" უწოდა. მისი თქმით, დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს დანაშაულზე.

Meduza-სთან ინტერვიუში თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ვოლკოვი საუბრობდა საფრთხეებზე, რომელსაც ნავალნის მოკავშირეები აწყდებიან პუტინის რეჟიმის მხრიდან. "მთავარი რისკია ახლა, რომ ჩვენ ყველას მოგვკლავენ. ეს საკმაოდ აშკარაა", - ამბობდა ვოლკოვი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე.


close დახურვა