logo
ENG



ნავალნის დაღუპვის გამო, აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

21 თებ 202408:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/21/c44omk1fzfaqdm5.jpeg

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 23 თებერვალს გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

პრეზიდენტს სანქციების დეტალები არ დაუკონკრეტებია და დაამატა, რომ მათ შესახებ ვრცლად 23 თებერვალს ისაუბრებს.

სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადდება სანქციების "დიდი პაკეტი", რომელიც კრემლს "დააკისრებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ნავალნის მოუვიდა."

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონს რუსეთი მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავს, რათა სრულიად გამჭვირვალე იყოს, თუ როგორ გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა