logo
ENG



ნავალნის დაღუპვის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

04 მარ 202422:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/w6efsjuo8r6ajm0.jpg

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის საქმეზე 43 ქვეყანა საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. ინფორმაციას გაეროში ევროკავშირის ელჩი, ლოტტე კნუდსენი ავრცელებს.

როგორც კნუდსენმა აღნიშნა, ნავალნის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილი გახდა კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ რუსეთში სისტემატიური რეპრესიები გაძლიერდა. კნუდსენი არის სწორად ის პირი, რომელმაც ქვეყნების სახელით საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

"რუსეთმა უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ნავალნის მოულოდნელ სიკვდილზე", - თქვა დიპლომატმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთს გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები და "შექმნას უსაფრთხო გარემო პოლიტიკური ოპოზიციისთვის".

France-Presse-ის ცნობით, მოთხოვნაზე ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და უკრაინა.

 

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა. ის ბორისოვის სასაფლაოზე 1 მარტს დარკძალეს.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა