logo
ENG



ნავალნის საქმე - ევროკავშირმა და აშშ-მა რუს თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს

02 მარ 202119:09
3 წუთის საკითხავი
clock 1172
2021/03/02/wcwb5ncensy1qcb.jpg

აშშ-მა და ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუს ბიზნესმენებსა და თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს. აშშ-ის უშიშროების სამსახურებმა დაადგინეს, რომ კრემლის კრიტიკოსზე სასიკვდილო თავდასხმის უკან რუსეთის ხელისუფლება იდგა - ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებს Deutsche Welle ავრცელებს

ჟურნალისტებთან საკონფერენციო ზარის დროს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წამყვანმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით შემუშავდა და ის არა მხოლოდ ნავალნიზე თავდასხმაში მონაწილე, არამედ მის დაკავებაში ჩართულ თანამდებობის პირებზეც გავრცელდება. 

ბრიუსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნავალნის წინააღდმეგ განხორციელებულ თავდასხმასა და მის დაკავებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები - ბასტრიკინი, კრასნოვი, ზოლოტოვი და კალაშნიკოვი სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ, "ალექსეი ნავალნის თვითნებურ დაკავებაში, გასამართლებასა და მისჯაში მონაწილეობისთვის, ისევე როგორც, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიების გამო". 

Deutsche Welle-ის მიერ გავრცელებულ კომენტარებში კი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ "უშიშროების სამსახურებმა მაღალი თავდაჯერებით დაადგინეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, "ფსბ"-ის ოფიცრებმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოსაწამლად ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" გამოიყენეს". 

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა და ფინანსური აქტივები გაუყინა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრე ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, ნაციონალური გვარდიის მეთაურს ვიქტორ ზოლოტოვს და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს ალექსანდრე კალაშნიკოვს. 

თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, თუ კონკრეტულად რომელ პირებს დაუწესებს აშშ სანქციებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციები 14 ბიზნესსა და საწარმოს დაუწესდება, რომელთა უმეტესობაც ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების დამზადებით არიან დაკავებულები. 

აშშ-მა ასევე განაცხადა, რომ ფედერალურ სააგენტოებზე რუსი ჰაკერების თავდასხმას პასუხს უახლოეს მომავალსი გასცემს. 

ოფიციალური ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე მასალა განახლდება

ნავალნის საქმის გამო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. მომაკვდინებელი თავდასხმისგან გამოჯანმრთელების და რუსეთში დაბრუნების შემდეგ ნავალნის აეროპორტში დაკავების და პრობაციის პირობების დარღვევის გამო მისთვის 3 წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ მოუწოდეს კრემლს ნავალნის გათავისუფლებისკენ, თუმცა უშედეგოდ. 

24 თემერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს და მარტში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სამიტზე განსახილველი საკითხები შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ არაერთმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საკვანძო გადაწყვეტილება ნავალნის საქმეზე რუსი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესება იქნებოდა. 

17 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნავალნის სასარგებლოდ დროებითი ზომა გამოიყენა და რუსეთის ხელისუფლებას პატიმრის განთავისუფლებისკენ მოუწოდა, რაც კრემლმა არ გაითვალისწინა და ნავალნი საპატიმროში დატოვა. 

 

 


close დახურვა