logo
ENG



ნათელაშვილი: ამ ვითარებაში მმართველმა ძალამ უარი უნდა თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე

27 ივნ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც ნათელაშვილი აცხადებს, შექმნილ ვითარებაში ეს არის გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას ბრძოლის თანასწორი პლატფორმა, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, კოალიციური მთავრობის და წარსულის შავ-ბნელი ისტორიის ჩაბარებისთვის“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა.

ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხება. 

8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორები აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიის საელჩოები იყვნენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დაპირებულ რეფორმებს განახორციელებს.

სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად, კიდევ უფრო ანგრიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობისთვის.

დოკუმენტის ბოლოს აღნიშნულია, რომ სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს პოლიტიკა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიულ და სამართლებრივ პროცესებს და ამრიგად, ამყარებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას. ასევე, აღნიშნავს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი და ჩატარდეს 8 მარტის შეთანხმების მიხედვით.


close დახურვა