ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტი არ არსებობს, რადგან ის ხალხს არ აურჩევია. შესაბამისად, ოპოზიცია ასეთ საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.
როგორც ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან, შეხვედრის შემდეგ თქვა, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო, მაგრამ ამას არ აღიარებს, თუმცა ეს ყველამ იცის. მისივე თქმით, არჩევნების ამგვარად გაყალბებით ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მკვლელ ჩიკატილოს დაემსგავსა.
"პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს, რადგან ხალხს ის არ აარჩევინეს. რეალურად არსებობს კუბრის ქვაბი, სადაც მოიხარშებიან ივანიშვილები, მდინარაძეები, კობახიძეები და მთელი ეს ბერბიჭაშვილების შემადგენლობა... ის პოსტულატი, რომ ქვეყანაში განმეორებითი, დემოკრატიული არჩევნებია ჩასატარებელი, ჟვანიებისა და სხვა ფალსიფიკატორების გარეშე, იცის არამარტო პატივცემულმა ელჩმა, არამედ მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ. ალბათ, ერთი ჩიკატილო იყო მანიაკი მკვლელი მსოფლიოსთვის, რომელმაც 14 ბავშვი მოკლა და მეორე - ჟვანია, რომელმაც ივანიშვილის დავალებით საქართველო არაერთხელ მოკლა. ოღონდ მოკლა საარჩევნო წესით", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის ელჩთან ვიზიტს, ნათელაშვილის განმარტებით, ეს გულისხმობს არა ოპოზიციის მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლას, არამედ კიდვ ერთხელ საერთო პოზიციის დადასტურებას, კერძოდ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა და აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება,
"ელჩებს ვხვდებით არა იმიტომ, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, ამას არც იკადრებს არც ერთი ელჩი. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ხალხის დავალებით, რაც არის ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ივანიშვილმა წააგო არჩევნები, 48% აიღო. შესაბამისად მთავრობა არ შეიძლება შეადგინოს მან. ვინაიდან ის უარს აცხადებს დაემორჩილოს ხალხის ნებას, ოპოზიციამ გამოაცხადა პარლამენტში არშესვლა... მეორე ტური არ არსებობს, რადგან არ ყოფილა პირველი ტური", - აღნიშნა ნათელაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და ის არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნებას. ბოიკოტს 8-ვე ოპოზიციური პარტია შეუერთდა, რომელმაც საარჩევნო 1%-იანი ბარიერი გადალახა და არჩევნების გზით მანდატი მოიპოვა. ისინი ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების მეორე ტურებსაც, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 16 მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
პირველი ტურების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შედგენილი საჩივრებიდან ცესკო-მ შემაჯამებელ სხდომაზე არც ერთი არ დააკმაყოფილა.
ასევე არჩევნებზე დამკვირვებელი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებიდან ცესკო-მ მხოლოდ 17% დააკმაყოფილა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს.