logo
ENG



ნათელაშვილი მთავრობას: მოეგეთ გონს და არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახადეთ

01 ივლ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახადოს.

როგორ ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობა არ იქნება, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.

„ჩვენი საზოგადოების თავგანწირვით, ოპოზიციურ პარტიათა არნახული ერთიანობით, საერთაშორისო უნიკალური მხარდაჭერით, პრაქტიკულად ვაიძულეთ ხელისუფლება შეეტანა ცვლილებების ძირითად კანონში, გადასულიყო პარტიულ სისტემაზე და ეს ყველაფერი რევოლუციის ტოლფასია, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს. მაგრამ, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს გული, თუ კიდურზე დაიწყო განგრენა, ის დროზე უნდა იქნას მოკვეთილი, სანამ მთელ ორგანიზმს დაანგრევს. თუ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა არ გამოცხადდა სავალდებულოდ, ვერანაირი რევოლუციური ცვლილება ვერ გვიშველის. ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში გულგატეხილობის, უვარგისი ხელისუფლებების წყალობით, ხელი ჩაიქნიეს ქვეყნის მართვაში მონაწილეობაზე, კვლავ გააგრძელებენ სახლში ჯდომას ან ძირითადად მოვა ის კატეგორია, რომელსაც ოლიგარქები იყიდიან და შედარებით მცირე პროცენტი, რომელიც არ გაიყიდება, ვერ შექმნის იმ ამინდს, რამაც ჩვენი ქვეყანა უნდა ატყორცნოს კოსმოსურ ორბიტაზე. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოეგეთ გონს, გახადეთ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო და ყველა უბანზე დადგით ორი ვიდეო კამერა, შიდა და გარე, რათა ერთხელ და სამუდამო დამთავრდეს ფეხის და სულის ქურდობა და სახელმწიფოს მიტაცება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა