logo
ENG



ნათელაშვილის თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობენ

06 იან 202222:45
3 წუთის საკითხავი
 
ნათელაშვილის თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობენ
ფორმულა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტია პარლამენტში შესვლაზე მსჯელობს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ლეიბორისტულმა პარტიამ ერთი მანდატი მოიპოვა და დეპუტატი ნათელაშვილი გახდა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და გაყალბებულად გამოაცხადა, ლეიბორისტული პარტია ბოიკოტს შეუერთდა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა. პარტიის ლიდერი საპარლამენტო ცხოვრებაში არც 19 აპრილის შეთანხმების მიღების შემდეგ არ ჩაერთო.

გადაცემა რეაქციაში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნა მოტივია იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში დაბრუნდეს და "დააწყნარონ დეპუტატები, რომლებსაც ხელფასი ჩამოეჭრათ გაცდენების გამო".

"როცა ქვეყანა იცვლება პირად ინტერესში, სკამში, მანდატში, საოჯახო კეთილდღეობაში, მომსახურე მძღოლში, პირად მდივანსა და თანაშემწეში, პრივილეგიებში, ქვეყნის საქმე არის ცუდად და პოლიტიკოსებიც საქმეც მიდის ცუდად.

ჩვენ არ შევედით პარლამენტში და წაგვართვეს დაფინანსება, რეკლამა, ყველაფერი, მაგრამ არ შევედი პარლამენტში. რომ ვუყურებ ამას, ახლა პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ ის კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. პარტიაში მიდის უკვე ამაზე მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ", - ამბობს ნათელაშვილი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლა მას მოუწევს, რადგან სია ჩახსნეს.

"მე არაფერს არ ვფიქრობ. ასეთი მსჯელობაა პარტიაში, რადგან არ გამოდიან. არც ტოვებენ პარლამენტს, ხომ ხედავთ? გამოვლენ, ისევ შევლენ. სად ვუყუროთ ამათ? მიდის საუბარი იმაზე, რომ სიმართლე, რასაც ვლაპარაკობთ, პირში ვუთხრათ იმ ბანდას", - აღნიშნა ნათელაშვილმა.


close დახურვა