logo
ENG



ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილ მოზარდს მამა ხშირად სცემდა

24 აგვ 202020:02
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში 11 წლის მოზარდის ნათესავები ამბობენ, რომ გარდაცვლილს მამა ხშირად სცემდა, ბოლო 2 დღე კი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, რათა მომხდარზე არ ესაუბრა. 

ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ როგორც ნათესავებს, ასევე მეზობლებსაც, თუმცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის არავის მიუმართავს. მოზარდმა ძალადობის შესახებ საკუთარ დეიდას უამბო, თუმცა ბავშვისთვის საფრთხის თავიდან აცილება და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მოზარდის დეიდაშვილი ყვება, რომ მოძალადე მამა ბავშვს მათ ოჯახში არ უშვებდა. ეს მისი მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მამაკაცი წლების წინ უფროს ქალიშვილებსა და ცოლსაც უსწორდებოდა. მოზარდის ნათესავები ამბობენ, რომ ძალადობა მას შემდეგ გახშირდა, რაც დამნაშავემ სმა დაიწყო. 11 წლის მოზარდის დედა ბოლო 10 წელია საბერძნეთშია, ბავშვი კი ბებიასთან და მამასთან იზრდებოდა.

ცნობისთვის, 48 წლის კაცი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული, რომლის შედეგად 11 წლის მოზარდმა თავი მოიკლა, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა