ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს, რამდენ სრულდება კომპანიების მხრიდან დაწესებული შეზღუდვები.
„შეზღუდვები გავრცელდა ბიზნესზე და გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ვითარებას, რადგან ეს ყველაფერი მიმართული იქით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იმ ბიზნესებში დასაქმებულები.
ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ აქცენტს კვლავინდებურად ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ გაიდლაინების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვაზე და დაცვაზე. ყველამ უნდა ვისწავლოთ, ყველა ბიზნესს მივმართავ, ამ წესების დაცვით. ეს არის გარკვეულ ძალისხმევასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების წინაპირობა. ამას გავაკონტროლებთ.
გუშინ გამოქვეყნდა ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგების, რომელიც რჩება ფუნქციონირებაში, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით, მათ შორის ბევრია ისეთი საქმიანობა და სფერო, რომელიც უნდა გადავიდეს დისტანციურ ფორმატში. ესეც არის განმარტებული და მინდა, რომ კომპანიის მფლობელებმა ამას ყურადღება მიაქციონ. ეს არის უპირატესად სახლიდან საქმიანობის წარმოება და ოფისიდან მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემაშემქმნელი წარმოებების ჩამონათვალი, ეს ძირითადად არის მძიმე მრეწველობა, სამთო მომპოვებელი მრეწველობა და გადამუშავება, რომელთა გაჩერებაც მიზანშეუწონელი იყო, მაგრამ მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ წესების შესრულებას.
რაც შეეხება მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტების და ორგანიზაციების მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინების და წესები შესრულებაზე კონტროლს ვახორციელებთ ერთობლივად რამოდენიმე უწყება. ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება და მინდა ყველა მოემზადოს ამისთვის. მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა და ყველა რეკომენდაცია შეასრულონ“, - განაცხადა თურნავამ.
მან იმ კომპანიებსაც მიმართა, რომელთა საქმიანოაბც ამ დროისთვის შეჩერებულია და აღნიშნა, რომ თუ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებენ, საქმიანობის გაგრძელება შეიძლება მათაც შეძლონ.
„ის ბიზნესები, რომელთა საქმიანობაც დღეს არის შეჩერებული გამომდინარე მთავარი ამოცანიდან, რასაც ჰქვია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მინდა ვუთხარ, რომ ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს იმ გარანტიებს, რომ შეასრულებს დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხო ფუნქციონირებას, ამ ბიზნესმენების საქმიანობა შემდგომში იქნება დასაშვები. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის უსაფრთხო“, - განაცხადა თურნავამ.