logo
ENG



ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს რიონის ხეობაში დაბრუნდებიან

26 მაი 202108:51
3 წუთის საკითხავი
clock 360

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ გააგრძელებენ.

როგორც აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ჰესის მშენებლობაში კომპანიას ადგილზე შეუშლიან ხელს. 

მისივე თქმით, ხეობაში გამგზავრებამდე დღეს, 16:00 საათზე, თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ.

"გადავწყვიტეთ, დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი, ასე ვთქვათ, არგუმენტაციით იმ პროცესისა, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ჩადის და აკეთებს. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას ხეობაში და არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ახლა იმით ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ იგივე ჩვენ თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა იქ", - თქვა გოლეთიანმა.

ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მეოთხე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს.

ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს.


close დახურვა