ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სთხოვს.ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ლაზარე გრიგორიადისის გარეშე ვერ წარმოუდგენია.
"ვულოცავ ყველას, ვულოცავ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ლაზარეს, რომლის გარეშეც ეს გამარჯვება მე პირადად არ წარმომიდგენია. ასევე, მინდა მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, პირველ რიგში მივულოცო მასაც ეს წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ, ის ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით ევროპისთვის ბრძოლაში.
ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი ბერკეტი და დეკემბერში მაინც ლაზარემ ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა მან.
დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.