logo
ENG



ნატო-ს PA პრეზიდენტი: საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების საგანია

09 აპრ 202123:47
3 წუთის საკითხავი
 

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჯერალდ კონოლი, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და კვლავ მოუწოდებს მხარეებს კონსტრუქციულობისკენ.

ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ კონოლი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე.

„საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების საგანია. კრიზისის მიმდინარეობისას, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობასნ, გამოეჩინა თავშეკავება, ხოლო ოპოზიციას - პატივი ეცა კანონის უზენაესობისთვის. ჩვენ მოვუწოდებდით უმრავლესობასა და ოპოზიციას, ემოქმედათ კონსტრუქციულად და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების შესაბამისად. იმ საქართველოსი, რომელიც მისდევს და აქვს წინსვლა ევროატლანტკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა კონოლიმ

გავრცელებული განცხადებით თანახმად, ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს ფარგლებში სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის რეგიონში განვითარებული მოვლენები და საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

 


close დახურვა