logo
ENG



ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს

16 ნოე 202110:58
3 წუთის საკითხავი
clock 1417
2021/11/16/w0kwcbbieb528vh.jpg
bbc.com

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი, შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. ის რუსეთს მოუწოდებს იყოს გამჭვირვალე მისი სამხედრო გეგმების შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

განცხადება სტოლტენბერგმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზება გაზარდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსული ძალები მასშტაბური და უჩვეულო მობილიზება საზღვართან ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. 

ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაძაბულობის დროული აღმოფხვრა. მან რუსეთი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან.

„ჩვენ ვხედავთ ჯარების უჩვეულო კონცენტრაციას და ვიცით, რომ რუსეთს აქამდეც სურდა ამ ტიპის სამხედრო შესაძლებლობები გამოეყენებინა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუსული ძალების დიდი ნაწილი ყირიმშია მობილიზებული, ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთმა უკრაინისგან 2014 წელს მიიტაცა. სამხედროების დიდი ჯგუფები ასევე განლაგებულია უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში და რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ საზღვართან სიტუაცია შემაშფოთებელია და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი  უკრაინას დაუჭერს მხარს.

გარდა ამისა, ვაშინგტონმა გასულ კვირას გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უკრაინაში შესვლისთვის ემზადებოდეს. 14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან საჩუქრად 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.

კვირას ბრიტანეთის სამხედრო ოფიცერმა, ნიკ კარტერმა BBC-ს ეთერში თქვა, რომ იმედი აქვს რუსეთთან ომი არ იქნება, თუმცა ნატო ამისთვის მზად უნდა იყოს. მისივე თქმით, ბელარუსისა და პოლონეთის საზღვართან კრიზისს რუსეთი იყენებს, როგორც უკრაინაში თავისი ქმედებებიდან ყურადღების გადატანის კლასიკურ მაგალითს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა მობილიზებული. 

თავის მხრივ, მოსკოვი ამ განცხადებებს გადაჭარბებულს უწოდებს და თავად საუბრობს რეგიონში ნატოს გახშირებულ ქმედებებზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კვირას სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ შეშფოთებულია შავ ზღვასთან, ყირიმის მიმდებარედ ნატოს სამხედრო მომზადებების გამო.


close დახურვა