logo
ENG



ნაუსედა: დისკუსიის შემდეგ EU-ს ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას, პროცესი დაიწყო

11 მარ 202208:20
3 წუთის საკითხავი
 

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ვერსალის სასახლეში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს "დიახ" უკრაინის მისწარეფებებს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. 

"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან", - წერს ნაუსედა. 

ევროკავშირში გაწევრების პროცედურების თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის შესახებ განაცხადს გააკეთებს, ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რათა მოამზადოს ანგარიში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათი პოზიცია: არის თუ არა ქვეყანა მზად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

ვერსალის სასახლეში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 10 მარტის შეხვედრის შედეგად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო "აღიარებს უკრაინის მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს".

"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ნათქვამია ასოცირების ხელშეკრულებაში. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი ბედის არჩევის უფლებით სარგებლობისას, წარადგინა უკრაინის განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებების შესაბამისად. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხუთპუნქტიან მიმართვაში ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში აგრესიულ ომზე სრულად პასუხისმგებელნი არიან რუსეთი და "მისი მოკავშირე" ბელარუსი, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან:

"ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით".

ისინი მოითხოვენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს. ამასთან, მზად არიან გააგრძელონ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე:

"ჩვენ ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მათი სიმამაცის გამო ქვეყნის, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და დემოკრატიის დაცვაში. ჩვენ არ დავტოვებთ მათ მარტო. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებული პოლიტიკური, ფინანსური, მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას".


close დახურვა