ნაციონალური მოძრაობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის თავმდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"გუშინ ტვ პირველმა გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი [ღარიბაშვილის] ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული", - ამბობს ხაბეიშვილი.
გუშინ TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
როგორც გუშინ გაიაშვილმა თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.
ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
***
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.