ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და მეორე იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.
"ოცნების ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, ჰპირდებოდა მრავალი წელი მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემის დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის ბიუჯეტში, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის დანერგილი", - ამბობს ბოკუჩავა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდა საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია.
ბოკუჩავას თქმით, მეორე საკითხი, რომელიც უნდა შეისწავლოს კომისიამ სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტურობა და ადეკვატურობა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.
გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან სამ საათში გამოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ვერტმფრენმა არა თუ დაიგვიანა, არამედ "სულ რაღაც სამ საათში მივიდა" და ამას გარკვეული გარემოებებით ხსნის.
რაც შეეხება მონიტორინგის სისტემას, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "სპეკულირების საგანი" გახდა 2018 წელს მისი განცხადება, სადაც ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, ნებისმიერ პირობებში გარდაუვალი იქნებოდა".