logo
ENG



ნედ პრაისი: საქართველო და მოლდოვა აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

05 მაი 202210:14
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აშშ ერთგულია მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ეს განცხადება ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მას ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ არა აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას მოლდოვასა და საქართველოსთვის და ხედავს თუ არა შტატები ამ ქვეყნების წინააღმდეგ ახალი აგრესიის გარდაუვალ საფრთხეს.

"საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით. რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე სამშაბათს. ცოტა ხნის წინ, დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი მოლდოველ კოლეგებთან. მდივანი ბლინკენი რამდენიმე დღის წინ კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც მოლდოვას ხელმძღვანელობას შეხვდა.

ეს არის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა ელემენტს. ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეთ, თანხისა თუ ჰუმანიტარული დახმარების ოდენობით ჩვენს მოლდოველ პარტნიორებს. ჩვენს სამხედროებს ეფექტური პარტნიორობა აქვთ, როგორც უკვე ვთქვი, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა პრაისმა.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართულ მხარესთან რეგიონში ბოლო მოვლენებთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა, პრაისმა თქვა, რომ შტატებს აქვთ მუდმივი კონტაქტი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან და საკითხზე დისკუსიები გრძელდება.

"ჩვენ  გვაქვს მუდმივი კონტაქტი საელჩოსთან, რეგიონში მყოფ პარტნიორებთან. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებაც აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს და იმას, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მსგავს ქმედებებს არ მოითმენენ", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


close დახურვა