logo
ENG



ნეთანიაჰუ: ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს

17 დეკ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/vp5v4vlcfsu6r36.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ IDF-ის მიერ სამი ისრაელელი ტყვის შეცდომით მოკვლის შემდეგ, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს.

"ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე... საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რა ფასის გადახდა მოგვიწია ჩვენ", - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუმ ისაუბრა შეთანხმების შესაძლო გაგრძელებაზე და განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტებთან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეა. მან თქვა ისიც, რომ მძევლების გასათავისუფლებლად და ომის მოსაგებად ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ძალის გამოყენება აუცილებელია.

15 დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელ ტყვეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს - შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამხედროები ბევრ ტერორისტს, მათ შორის, კამიკაძეებს ხვდებიან.

დაღუპულებს შორისაა, იოთამ ჰაიმსი, რომელიც ჰამასმა კფარ აზადან გაიტაცა, ასევე, ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა.

IDF ვარაუდობს, რომ სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან თავად ჰამასის წევრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მიატოვეს.

დენიელ ჰაგარის განცხადებით, "ტრაგიკულ ინციდენტზე" პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ - მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარს ისრაელის ხალხთან ერთად გლოვობს.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში შეტევის დროს, შეცდომით სამი ისრაელელი ტყვე მოკლა, თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ და მომხდარი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტეს.


close დახურვა