logo
ENG



ნეთანიაჰუ ჰეზბოლას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს

22 ოქტ 202318:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/s355axd9bcfcdpf.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰეზბოლას ომში ჩართვის შემთხვევაში მოსალოდნელ დამანგრეველ შედეგზე აფრთხილებს.

პრემიერი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა ბრძოლაში ჩაებმება, "ისეთი ძალით დაარტყამენ, ვერც კი წარმოიდგენენ".

"[თუ ომში ჩაერთვებიან] მათი ცხოვრების შეცდომა იქნება. ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენენ და შედეგები მათთვის და ლიბანისთვის იქნება დამანგრეველი", - თქვა პრემიერმა.

ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 

ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.

ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და თქვა, რომ ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდაგადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.


close დახურვა