ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება და ჰამასის ტერორისტები "განწირულები" არიან. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ომის კაბინეტი დღედაღამ მუშაობს, რათა გამარჯვებას მიაღწიონ.
ისრაელმა ჰამასის თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ მალე მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა, თუმცა არც კონკრეტული დეტალები უთქვამს და არც თარიღი დაუსახელებია. ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ლოკალურ რეიდებს ატარებენ და აღნიშნავენ, რომ ამის მიზანი მძევლებზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაა.
The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის მეტი დროა საჭირო, შესაბამისად, ისრაელს ურჩევს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადადოს.
ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას და ჰამასის განადგურების შესახებ მის გაცხადებულ მიზანს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისთვის დროის საჭიროებას ხედავს.