logo
ENG



ნეიტრალიტეტი და სხვა გზავნილები - თბილისში სახელისუფლებო პრორუსული აქცია იმართება

30 აპრ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის ორგანიზებით სახელისუფლებო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულები.

აქციაზე ისმის ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებები.

სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელმაც სამხედრო ნეიტრალიტეტზე ილაპარაკა.

"დღეს ჩვენს თვალწინ ახალი რეალობა დგება, მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება მაქვს მხედველობაში და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ამ ახალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის ამ ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების გარანტია, მშვიდობის შენარჩუნების გარანტია - რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები, თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც, შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებასა და ქვეყნის გაერთიანებაში, არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით იმ ძმებისა და დების, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ შეცდომებში წარსულში დაშვებული გვაქვს, ამას აღარ გავიმეორებთ.

ჩვენ ვერ გადაგვაკეთებთ, ჩვენთვის მიუღებელია ისეთი იდეოლოგები, სადაც ცნობენ და აღაირებენ მშობელი N1-ს, მშობელი N2-ს, ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი იდეოლოგიები და ამას საქართველოში ვერ განახორციელებთ. თავისუფლება ჩვენთვის არის უფლებების და მოვალეობების ბალანსი და არა აღვირახსნილობა, თავხედობა და უპასუხისმგებლობა", - თქვა მან.

სიტყვით გამოვიდა დაჩი ცაგურიაც, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად უკრაინაზეც ისაუბრა.

"ხომ ნახეთ, რა მოხდა 2008 წელს? მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს ერთი ნაკაწრი არ ჰქონია. აგერ არის ახლა უკრაინაში გაქანებული ომი. მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს ნაკაწრი არ აქვს. მეტიც, წავლენ, ჩაიყვანენ ლონდონში - აბა, შენი ჭირიმე, მიდის ტაშის კვრა, შენ გენაცვალე, ჩაიყვანენ ვაშინგტონში, მიდის ტაშის კვრა და ესენიც გახარებულები ხრიან თავს, ეგრე იყვნენ ესენიც", - განაცხადა მან.

აქციაზე იმყოფებოდა ია მეტრეველიც, რომელმაც ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა, ასევე, ისაუბრა იმაზე, თითქოს "ვითომ საქართველოს მეგობრები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს".

"არ დავუშვათ ის, რისი გაკეთებაც სურთ იმ ლიბერალურ ძალებს, ეს არის ის რაღაც აღვირახსნილი საშინელებები, რაც ჩვენთვის მიუღებელია - რას ქვია ქალის და ქალის და მამაკაცის და მამაკაცის ქორწინება, წარმოუდგენელია, გამეორებაც კი მზარავს, N1 დედა და N1 მამა, დაუშვებელი და მიუღბელია, ამას ქართველი ერი არ დაუშვებს", - თქვა მეტრეველმა.


close დახურვა