logo
ENG



ნეპოტიზმი, უძრავი ქონება, გავლენები ქვემო ქართლში - თამაზ ნავერიანის პორტრეტი

13 ივნ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 

მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", თამაზ ნავერიანი ერთ-ერთია, ვინც პარლამენტში ყოფნის დროს დიდძალი ქონების მფლობელი გახდა. 

როგორც მარნეულელები ყვებიან, დეპუტატი ნათესავების დასაქმებით გამოირჩევა. მის  სახელზეა ასევე კომპანიები და სხვადასხვა  ბიზნესი.

ადგილობრივი აქტივისტების თქმით კი, ნავერიანის გავლენები დიდია მუნიციპალიტეტის ფინანსებშიც. საბიუჯეტო თანხებს მისი ნათესავები განკარგავენ. სქემა ასეთია: ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება ჯერ სპორტის სამსახურში ხდება, იქიდან კი ფული შპს საფეხბურთო-სპორტულ კლუბ „ალგეთსა“ და ძიუდოს კლუბში ნაწილდება. ორივეს მეწილე თამაზ ნავერიანია.   

ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნის გარდა, თამაზ ნავერიანის სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება, რომლებიც სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს. ყველა შპს  ნათესავებზე ან ოჯახის წევრებზეა რეგისტირებული. მარნეულის ბაზარიც დეპუტატს ეკუთვნის, მეწილეები კი ნავერიანის მეუღლე  და ნათესავები არიან. 

გავლენებთან ერთად გაიზარდა დეპუტატის უძრავი ქონებაც. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიწის ნაკვეთები სწორედ მაჟორიტარობის დროს  რაჭაში შეიძინა. ნაკვეთები მეუღლესა და შვილზეა რეგისტირებული. 

მარნეულელი აქტივისტები,რომლებიც შიშის გამო ანონიმად დარჩენას ამჯობინებენ, იმასაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ნავერიანის კლანი ქვემო ქართლში სრული გავლენის მოპოვებას ცდილობს. ის, ვინც ეწინააღმდეგება, რეგიონს ტოვებს. 

თამაზ ნავერიანს სადეპუტატო მანდატი 2020 წლის ოქტომბერში ეწურება. რა გააკეთა იმ რეგიონისთვის, რომელსაც ის პარლამენტში წარმოადგენს?ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის არაფერი. მათი თქმით,  დეპუტატმა ოთხწლიანი მანდატი მხოლოდ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებას, გავლენების მოპოვებას და ხალხის დაშინებას მოახმარა.  


close დახურვა