logo
ENG



ნეპოტიზმი-თანამდებობის პირთა ოჯახების 350-ზე მეტი წევრი, საჯარო უწყებაშია დასაქმებული

18 ოქტ 201913:28
3 წუთის საკითხავი
 
l22c46i9ofe29gj.jpg

"თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში"  - ამ სათაურით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ამჯერად სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და კონკრეტული შემთხვევები გამოავლინა. საქმე ეხება იმ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაშიც.

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს”,- აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე  ტენდენცია გამოიკვეთა:

  • ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში;
  • არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა;
  • სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში;
  • სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

არსებული გარემოების ფონზე, საზოგადოებას საჯარო სამსახურში დასაქმების მოლოდინი არ აქვს. ნეპოტიზმის გამო, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნეპოტიზმი ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ფაქტორია. აღნიშნულს იმ კვლევის შედეგებიც მოწმობს, რომელიც ანგარიშშია ნახსენები. კერძოდ:

2019 წლის თებერვალ-მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ  თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, 91% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები საკუთარ პოზიციას ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების დასასაქმებლად იყენებენ.

2019 წლის აპრილში “ღია საზოგადოება - საქართველოს" დაკვეთით გამოქვეყნებული CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68,8% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მინისტრის ნათესავი უფრო დასაქმდება სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიდრე პროფესიული უნარებით და ცოდნით გამორჩეული კანდიდატი.

2018 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ სამინისტროებში კორუფციაა გავრცელებული, 63% კორუფციის ფორმად ნეპოტიზმს მიიჩნევს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ კორუფცია გავრცელებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, მათგან 59% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს. რესპონდენტთა 47% თვლის, რომ სასამართლოში  კორუფცია გავრცელებულია, მათგან 49% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის მიმართულებით განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რაც კონკრეტული მიზეზებით აიხსნება: სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები. მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე,  საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ.

 

 


close დახურვა