ნეტგაზეთის ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა. მისი თქმით, თან ჰქონდა პრეს ბარათი, თუმცა ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტი არ აღმოჩნდა.
"დღეს პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რომ შსს-ს თანამშრომლისთვის ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტია არ არის. პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეც. რაზმელმა წიხლი ჩამარტყა. ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა "პრესა ვართ!", მე კი პრეს ბარათი მქონდა ჩამოკიდებული. ხელი ახლაც მტკივა, თუმცა, ჯამში, კარგად ვართ. კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს ბინაში", - წერს ის სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.