ნიგერიის ქალაქ ოვოში, საკვირაო წირვის დროს, ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა წმინდა ფრანცისკეს კათოლიკურ ეკლესიაში მოხდა.
თავდამსხმელებმა ეკლესიაში მრევლს ცეცხლი გაუხსნეს, მღვდელი და იქ მყოფი რამდენიმე პირი კი გაიტაცეს. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის დაღუპულთა და ეკლესიიდან გატაცებულთა რიცხვი. ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმის თქმით, 50-მდე ადამიანი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ონდოს შტატის გუბერნატორმა, როტიმი აკერდოლუმ მომხდარ შემთხვევას უდანაშაულო ადამიანებზე ბოროტული და სატანური თავდასხმა უწოდა. ამასთან, აკერდოლუმ ქალაქის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ნიგერიაში ძალადობისა და უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა. ქვეყანაში გატაცებებისა და თავდასხმების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.