ნიდერლანდებში, კორონავირუსის მზარდი შემთხვევების საპასუხოდ დაწესებულ ლოქდაუნსა და რეგულაციებს რამდენიმე ქალაქში უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გუშინ ღამით დემონსტრანტებმა ჰააგის ქუჩებში ველოსიპედებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ პროტესტი დაშალა. პროტესტისას მინიმუმ 7 დემონსტრანტი დააკავეს.
19 ნოემბერს ახალი რეგულაციები როტერდამშიც გააპროტესტეს. პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა.
ნიდერლანდების მთავრობამ გასულ შაბათს, Covid-19 ის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ, 3-კვირიანი ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოაცხადა. შაბათიდან ბარები და რესტორნები საღამოს 8 საათზე იკეტება. აიკრძალა სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლების დასწრებაც.
ევროპის არაერთ ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ევროპული სახელმწიფოების ნაწილი ინფექციის გავრცელების საპასუხოდ დამატებით შეზღუდვებს აწესებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე, BBC-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ევროპაში ზომები არ გამკაცრდება, მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლოა კორონავირუსისგან გარდაცვალების კიდევ ნახევარი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდეს.
„Covid-19 ჩვენს რეგიონში კიდევ ერთხელ გახდა სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი. ჩვენ ვიცით რაც უნდა გაკეთდეს, ვირუსთან საბრძოლველად - ვაქცინაცია, პირბადის ტარება, კოვიდპასპორტების გამოყენება.“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 76 ადამიანი.
კორონავირუსს საქართველოში გავრცელებიდან დღემდე 11 498 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.