შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მისი დანიშვნა ძალაში 19 მარტიდან შევა.
უცნობია, უხელმძღვანელებს თუ არა ახალბედაშვილი პარალელურად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს.
ახალბედაშვილი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას და, ამ მხრივ, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს, ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
"ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის იმ სამუზეუმო რეფორმის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს. მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ასევე, ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს და მუზეუმის დირექტორის, ზვიად კვიციანის სახით, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ახალი, მე-5 წევრი შეემატა". - წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
***
მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრი გახდა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტროს განცხადებით, ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, თავად გათავისუფლებულები კი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობენ.
წულუკიანი ამბობს, რომ "მუზეუმები გამოშიგნულია" და ექსპონატები - დაკარგული. ის ბრალს მუზეუმის იმ თანამშრომლებს სდებს, რომლებიც აქ წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ. კულტურის მინისტრი გამოძიებითაც იმუქრება.
თეა წულუკიანს პრეტენზიები აქვს ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთანაც. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ 2005 წლიდან ამ დრომდე მუზეუმიდან არც ერთი ნივთი არ დაკარგულა.
ნიკა ახალბედაშვილი, რომელიც წუკლუკიანმა მუზეუმებში მიავლინა, მანამდე იუსტიციის სისტემაში მუშაობდა.