logo
ENG



ნიკა გვარამია ადვოკატის სტატუსით მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

02 ოქტ 202100:00
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამია ადვოკატის სტატუსით მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არ შეუშვეს. როგორც გვარამია ამბობს, მას განუმარტეს, რომ სამუშაო საათებში უნდა მივიდეს. ასეთ შემთხვევაში ის სააკაშვილთან ორშაბათამდე ვერ შევა.

მისი თქმით, რადგანაც ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ადვოკატი პატიმარს შეხვდეს. ამასთან, საბადრაგო სამსახურის თანამშრომელმა, თქვა, რომ გვარამია ციხის ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე ვერ გაესაუბრებოდა.

"ორშაბათამდე მნიშვნელოვანი არაა, რომ შიმშილობაზე ვესაუბრო პატიმარს? ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეა საუბარი. სახალხო დამცველს არ აქვს გადარწმუნების მანდატი, მისი და ადვოკატის, და მისი და ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებით, არა არის სახალხო დამცველის და მისი ურთიერთობის მანდატის... ფორმალური თვალსაზრისით, მე, წესით და რიგით, ვერ უნდა შევდიოდე, თუმცა შევსულვარ პატიმართან ასეთ დროს, რადგან ყოფილა გადაუდებელი შემთხვევა. მგონია, რომ ყველა კრიტერიუმით ეს ის შემთხვევაა, რომელიც გადაუდებელია", - ამბობს გვარამია.

მიხეილ სააკაშვილთა ციხეში იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აცხადებს. ამასთან, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება


close დახურვა