logo
ENG



ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა

16 თებ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა - "ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა" დაფუძნდა. ბრიფინგზე ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

"სრულიად ნათელია, რომ გვარამიას პატიმრობა სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც ნიკა გვარამიას მეგობრებმა "რა სად როდის" თამაშიდან და მედია და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, რომ დავაფუძნოთ მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი", - განაცხადა შენგელიამ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.

close დახურვა