logo
ENG



ნიკა გვარამიას ცოლი დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს

24 იან 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურა მას და მის ცოლს უკანონოდ უთვალთვალებდა. ამის თქმის საფუძველს გვარამიას პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აძლევს, საიდანაც მისივე თქმით, ჩანს, რომ კრიტიკული მედიის დამფუძნებლის ცოლს, სოფიო ლილუაშვილს იქამდეც უთვალთვალებდნენ, ვიდრე გამოძიებას სასამართლოს განჩინება ექნებოდა. 

სოფიო ლილუაშვილი უახლოეს დღეებში მისი და მისი შვილების მიმართ უკანონო თვალთვალის გამო დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ნიკა გვარამიას გამოძიება „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობის დროს,  დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება.

გვარამიას ცოლსა და ოჯახს რომ სახელმწიფო უკანონოდ თითქმის ერთი თვე უთვალთვალებდა, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი საქმეს დართული დოკუმენტებით ამტკიცებს.

საქმეს დართული ე.წ. კრეფსებში -  ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების დროს შექმნილ დოკუმენტში, ვკითხულობთ ფრაზას „ნაცნობი მისამართი",  რეალურად ესაა სახლი მოსეშვილის ქუჩაზე სადაც გვარამიას ცოლი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, ოქმში დატანილი სიტყვა - ნაცნობი მისამართი - იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ უფრო ადრე ვიდრე თვალთვალის უფლებაზე გამოძიებას სასამართლოს განჩინება ექნებოდა - გვარამიას და მის ოჯახს უკვე უთვალთვალებდნენ. 

სახელმწიფო ბრალმდებელი კი ამტკიცებს, რომ ისინი სოფიო ლილუაშვილს მხოლოდ 2 დღე და ისიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უსმენდნენ. 

ნიკა გვარამიას სახელმწიფო 2015 წლის პერიოდში, „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობის დროს, დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება.

დღეს პროცესი გადაიდო, გვარამია და მისი ადვოკატები იუსტიციის საბჭოდან და სასამართლოდან ელოდებიან პასუხს, რა პრინციპით გაანაწილეს მისი ბრალდების საქმე, როდესაც ის განსახილველად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს დაეწერა. გასულ კვირას გვარამიას ბრალდების საქმე მოსამართლე გიორგი არევაძემ აიცილა.


close დახურვა