ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგი კავილაძეს - 16 წელი. ორივე მათგანი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.
გარდა ამისა, იარაღის უკანო ტარება-შენახვისთვის ჭელიძესა და კავილაძეს მიესაჯათ 10 წელი. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, შესაბამისად ორივე ბრალდებულს სასჯელის ზომად განესაზღვრათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულების ჯგუფურ და ორგანიზებულ შეთანხმებას ადასტურებს.
"დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაიკითხა მაგთის წარმომადგენელი, ცდომილება იყო 35კმ და შეიძლება, ეს ერთად ყოფნას არ ნიშნავდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და როდესაც ჩვენ ვკითხავთ ოფისის წარმომადგენლებს, აქ საუბარია გარკვეულ მომენტში, როდესაც ანძა დაკავებულია ან იფარება. როდესაც ბრალდებულები საათობით იმყოფებიან ერთად და მათ მდებარეობას აფიქსირებს იგივე ანძები, ვისაც ნიკოლოზ კვარაცხელიას ანძა ემსახურება, ეს უკვე უტყუარად მიუთითებს მათ იმ ტერიტორიაზე ყოფნას.
რაც შეეხება მეორე და უმნიშვნელოვანეს ვიდეო მტკიცებულებას. მათ ჯგუფურობასა და ორგანიზებულობაზე მეტყველებს თუნდაც ის უმნიშვნელო მომენტი, თუ ნამდვილად სალაპარაკოდ იყვნენ მისულები ნიკოლოზთან, მანქანა იყო დაპარკინგებული და დაინახეს, ნიკოლოზის ადგილზე მისვლა და არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მანქანა გადაეადგილებინათ, არ არსებობდა, გაუარეს ადამიანს გვერდზე და მანქანა დააპარკინგეს ისე, რომ ქმედების ჩადენის შემდეგ გაქცეულიყვნენ" - განაცხადა მოსამართლემ.
22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. ის მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 7 ოქტომბერს დააკავეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. 15 სექტემბერს კი ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
აკო ჭელიძემ პროცესზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა. ჭელიძის თქმით, კვარაცხელიას თვითონ ესროლა, თუმცა უარყოფს ჯგუფურ დანაშაულს და ამბობს, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.
ამავე დროს, გიორგი კავილაძის ადვოკატი ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.