გვიან ღამემდე გაგრძელდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. მხარეებმა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო დეტალები შეათანხმეს და მოთხოვნებიც ჩამოაყალიბეს.
პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა და ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ესაა ის მოთხოვნები რომელთა გარშემოც ოპოზიციური სპექტრი ერთიანდება.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მიზანია ვადამდელი პროპორციული არჩევნები ტექნიკური მთავრობით, ამ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გამოშვება.
„მიზანია ვადამდელი პროპორციული არჩევნები ტექნიკური მთავრობით, ამ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. ეს არის ის ამოცანა, რისი მიღწევაც სჭირდება ქვეყანას. ამ გაერთიანებამდე, როდესაც ადამიანებს შეხედულებებით პოლიტიკურ საკითხებზე ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვთ და დაპირისპირებულები არიან, ქვეყანა მიიყვანა ივანიშვილის ნაბიჯებმა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ კოალიცია დგება ან მომავალში ერთად მართვა მოხდება. ეს გამორიცხულია. არის განსხვავებები ძალიან ფუნდამენტურ ამბებზე და ქვეყნის მომავალზე, მაგრამ ის, რომ ამ კაცსთავისი უტიფარი შეურაცხმყოფელი მეთოდებით, არაანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ, ამაზე შეთანხმდნენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნიკა მელიას განმარტებით კი, ივანიშვილის თავხედობას ეროვნული წინააღმდეგობა უნდა დაუპირისპირდეს.
„თავხედობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ივანიშვილის მხრიდან, უნდა დავუპირისპიროთ ეროვნული წინააღმდეგობა და უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვართ ველური დემოკრატია და ღირსება უნდა აღდგეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაგარი ამ ერთობისა, რასაც ხელი თავად ივანიშვილმა შეუწყო. ივანიშვილს ეგონა, რომ მიუხედავად იმისა, რას გავაკეთებ და ვიქნები კადნიერი ჩემ მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებში, სხვადასხვანაირი ადამიანები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საერთო ენას ვერ გამონახავენ. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება და ეს არის კონსენსუსის საფუძველზე მიღებული,“ - აცხადებს ნიკა მელია.