ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 მაისს გადაიდო. შესაბამისი შუამდგომლობა დღეს, 29 აპრილის სხდომაზე ადვოკატებმა დააყენეს. მათი არგუმენტია, რომ ამ საქმის განხილვა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებაზე დააკმაყოფილა. სხდომას ნიკა მელია არ ესწრებოდა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით კვლავ არ უსარგებლია, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დათანხმდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს. ამასთან, პროკურორ ამირან გულუაშვილის თქმით, მათი შეთავაზება გირაოს სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებაზე კვლავ ძალაშია.
შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს უკან გაიწვევენ.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.
23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.