ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაინიშნა.
პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ იმსჯელებენ - მელიას პატიმრობა გირაოთი უნდა შეეცვალოს და გათავისუფლდეს.
გირაოს თანხა ევროკავშირმა 7 მაისს გადარიცხა.
23 თებერვალს ნიკა მელია იმ საბაბით დააკავეს, რომ მან უარი თქვა გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე. დაკავების შემდეგ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარე მას შემდეგ გათავისუფლდებოდა, რაც გირაოს გადაიხდიდა.
ქართული ოცნების ლიდერებმაც მრავალჯერ გაიმეორეს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ციხიდან გამოსვლა და არ გამოდის, ვინაიდან გირაოს არ იხდის.
***
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.
23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.