„ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია“, - ამის შესახებ შაქარაშვილის ნათესავმა, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებული პირების დანაშაულებრივ ქმედებას სრულად ადასტურებს.
„დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად არიან მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით. კონკრეტულად საუბარია „ტოიოტა ქემრის“ 5 მგზავრზე. ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ასევე, ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის დაწესებული, უკვე დაკმაყოფილებულია“, - განაცხადა ნიკოლაძემ.
ადვოკატის თქმით, ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
„ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარდა „ტოიოტას“ ამ ხუთი მგზავრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს. ამიტომ დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ბოლომდე თვალყურს მიადევნებს ამ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ასე შემდეგ“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია "ტოიოტა ქემრის" მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.