აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პირველი ინტერვიუ უკვე გახდა მედიაექსპერტების შეფასების საგანი. კოხრეიძის დანიშვნა, აჭარის ტელევიზიაში თვეების განმავლობაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ექსპერტებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა, თავად კოხრეიძეს კი ისინი ხელისუფლების ხელდასხმულ კადრად მიიჩნევენ.
ზვიად ქორიძის აზრით, კოხრეიძის ხედვით, ჟურნალისტიკის დრო დასრულებულია.
„ეს არის ის ხედვა, რომელიც აქვს დღეს ხელისუფლებას, მას აქვს სურვილი, რომ ჟურნალისტი იყოს „მორჯულებული“, „თვინიერი“, „დამჯერი“; ჟურნალისტი არ სვამდეს კითხვებს, არ აკრიტიკებდეს მთავრობას, არ იძიებდეს და იყოს მხოლოდ ფაქტურა, რომელსაც შეუძლია, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და ხელში ეკავოს მიკროფონი. ეს ჟურნალისტიკა დიდი ხანია წავიდა", - აცხადებს მედიაექსპერტი.
ნინია კაკაბაძის აზრით, ახალი დირექტორის ინტერვიუმ ცხადყო, როგორი იქნება მისი მმართველობა ტელევიზიაში.
„პირდაპირი მინიშნებებით, მითითებებით, იმის სწავლებით, თურმე როგორ უნდა ელაპარაკონ რესპონდენტებს, მათ განსაკუთრებული კომფორტი უნდა შეუქმნან. მე დარწმუნებული ვარ, ამ ტელევიზიაში არ მიდიოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ისინი უნდა მოვიდნენ და უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები. აშკარაა, როგორი იქნება მისი მართვის სტილი და ეს იქნება ამ ტელევიზიის დასამარება“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორი და ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ამ გზით ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი მედიის გაკონტროლებას.
„ამ შემთხვევაში დავინახეთ, როგორ ცდილობს ხელისუფლება, გააკონტროლოს თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება, საერთოდ, გამოხატვის თავისუფლება. როგორ ცდილობს კრიტიკული მედიის გაკონტროლებას. ასევე, ამ პროცესში კარგად დავინახეთ, ამას როგორ ერთად და შეხმატკბილებულად ცდილობდა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონდებლო და სასამართლო ხელისუფლებაც“, - აცხადებს ნანა ბიგანიშვილი.
თავად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ მსგავსი წესებით მუშაობას და გააგრძელებენ ოპონირების რეჟიმში ურთიერთობას ნებისმიერ რესპონდენტთან.
„ბატონი გოგა ამბობს იმას, რომ ამ შემთხვევაში ჯანსაღი ოპონირება აზარალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. ჯანსაღი ჟურნალისტიკა და-ძმობას არ ნიშნავს. ჟურნალისტს ცოტა სხვა ფუნქცია აქვს. სტუმართან ჩვენ და-ძმის ფუნქციას არ ვასრულებთ. უნდა ვიყოთ მუდმივად ოპონირების რეჟიმში - ეს არის ჟურნალისტიკა“ - ამბობს „ფორმულასთან“ საუბრისას ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე დირექტორად 3 წლის ვადით აირჩია