ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, ირაკლი თოიძემ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინა, არჩევნებს გაყალბებული უწოდა და ჟვანიას გადადგომისკენ მოუწოდა.
ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.
თამარ ჟვანიას შეფასებით, მუშაობაში ხელს უშლიან.
"შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს არ მოსწონდეს წინასწარი შედეგი, მაგრამ ვაცხადებთ შედეგებს იმ უბნების მიხედვით, რომლებიც შემოსულია ცესკოში და დამუშავებულია". - თქვა მან.
დილის 8 საათისთვის ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 58.54% დათვალა.
საია ამბობს, რომ ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ასახვის გაჭიანურება საზოგადოებაში უნდობლობას აჩენს. თავის მხრივ, ჟვანია ამას საარჩევნო სუბიექტების დიდი რაოდენობით და მაღალი აქტივობით ხსნის.
ოპოზიცია კი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და 16:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.