საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, გირაოს საკითხთან დაკავშირებით მელიას პოზიცია უცვლელია.
მანვე აღნიშნა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის გათავისუფლება პროკურატურას დღესვე შეუძლია და საგამოძიებო უწყებას რეკომენდაციით მიმართა, გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.
"ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელშეკრულება დადებულია იმ მიზნით, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა მოხდეს. მათ ეს გადაწყვეტილება შეუძლიათ ძალიან თავისუფლად მიიღონ. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ გეტყვით რა გეგმები აქვს პროკურატურას ან ხელისუფლებას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 19 აპრილს, ნიკა მელიამ ფეისბუქპოსტით დააფიქსირა პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომ ის "გარიგებაში არ და ვერ შევა".
მელია თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მისთვის მიუღებელია "მისი თავისუფლებით ვაჭრობა" და "შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები", რაშიც შეთანხმების ტექსტიდან, 20 ივნისის საქმეების ამნისტიას გულისხმობს.
"ამ გზით მოპოვებული "თავისუფლების" შედეგი რა იქნება - შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - დაწერა ნიკა მელიამ.
დღის ბოლოს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.