logo
ENG



ნინო ქადაგიძე: ვადასტურებ, რომ რეპუტაციის თვალსაზრისით სასამართლოს გარკვეული პრობლემა აქვს

17 მარ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძე, თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საკანონმდებლო ორგანოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიასთან საუბრისას ქადაგიძემ აღიარა, რომ სასამართლოს რეპუტაციის პრობლემა აქვს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს არა მოსამართლეთა კორპუსის, არამედ საკანონმდებლო ხარვეზების არსებობით არის გამოწვეული.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ოპოზიციის მხრიდან ე.წ. კლანის არსებობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც უპასუხა და მათ მოუწოდა, ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრონ.

„გამოვრიცხავ რაიმე კლანის არსებობას სასამართლოში, თუმცა ჩვენ, იურისტებს გვიყვარს ფაქტებით საუბარი და როდესაც ოპოზიცია ამაზე საუბრობს, მე ვთხოვ, რომ შესაბამისი არგუმენტები დადონ. ბუნებრივია, ვადასტურებ, რომ გარკვეული პრობლემა რეპუტაციის თვალსაზრისით სასამართლოს აქვს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში ავამაღლოთ სასამართლოს მიმართ ნდობა. ჩვენ ახლა ვყალიბდებით როგორც სასამართლო, ვდგამთ გარკვეულ პირველ ნაბიჯებს, ჩვენ არ გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება ყოველწლიურად უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულებას მიიღებს“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძე დაამტკიცა. ქადაგიძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ სხდომას პროეტსტის ნიშნად ოპოზიციური პარტიები არ ესწრებოდნენ.


close დახურვა