logo
ENG



ნინო ქადაგიძე კლანს ემორჩილება - საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან

10 მარ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 
ntbnlbspud7oo3z.png

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პარალელურად, სასამართლოსთან დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის გაძლიერებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, ნინო ქადაგიძე, რომელიც დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს, სწორედ ე.წ. კლანის ინტერესების გამტარებელი იქნება.

„ნინო ქადაგიძე არის კლანის მიერ ნომინირებული კადრი. ეს არის ადამიანი, რომელიც სრულად ემორჩილება ამ კლანს. ეს არის ადამიანი, რომელიც იყო მიხეილ ჩინჩალაძის პალატაში წლების განმავლობაში და ასრულებდა მის მითითებებს, აბარებდა ანგარიშს საქმეებზე, რომელზეც მას გამოჰქონდა გადაწყვეტილება. ნინო ქადაგიძე იქნება კლანის მსახური და ეს არის ერთადერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ის დაასახელეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. ჩემი ვარაუდით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა მოიხსნა იმ პრობლემიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება მის დიპლომს. ეს მას ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა იურისტმა კახა წიქარიშვილმა.

აქციას მოგვიანებით მოძრაობა „ლელო“ და მისი ლიდერები შეუერთდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს და ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ის ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებს.

„დღეს კლანმა გადაწყვიტა, რომ მათ ახალი ნიღაბი სჭირდებოდათ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად გაცვეთილი, ამ შემთხვევაში ნინო ქადაგიძის სახით. როგორც ჩანს, წყალი გაუვიდა ბევრის თვალში უკვე თადუმაძეს, ამიტომ გადაწყვიტეს, ახალი ფანდი შემოეთავაზებინათ. სინამდვილეში სასამართლოს მართვას განაგრძობს კლანი, რომელიც არ აძლევს ამ სისტემას შესაძლებლობას, რომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ფუნქცია“, - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. ქადაგიძეს საბჭოს 13 წევრიდან, 12-მა დაუჭირა მხარი.


close დახურვა