ხმაურით და შეძახილებით გურიაში „ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს დახვდნენ. ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარისგან აქციის მონაწილეები ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ - რატომ შეიცვალა პოზიცია და რატომ არ დაუჭირა გუშინ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თავადაც იყო. წილოსანი ერთ-ერთია იმ 40 დეპუტატს შორის, რომელმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხმა არ მისცა. პოლიტიკური ოპონენტების ინფორმაციით, მმართველი გუნდის დეპუტატს ეს გადაწყვეტილება ზეწოლით მიაღებინეს. „ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ერთ-ერთი, ვინც ხელოვნურ პროცესს მართავდა და დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებდა თბილისის მერი კახა კალაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოცნებაში“ წილოსანს ქმრის და მამის წინააღმდეგ აღძრული საქმით და მათი დაკავებით აშინებდნენ.
ზეწოლის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი უარყოფს. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თანაგუნდელებთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა გავლენა მასზე არავის მოუხდენია. დარწმუნებულია მისი პოზიციის მნიშვნელობაშიც, თუმცა სხვაგვარად ფიქრობდა 5 თვის წინ. დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას საჯაროდ აქებდა.
საარჩევნო ცვლილებები, რომ წინასწარ მართული და დაგეგმილი სცენარით ჩავარდა, დარწმუნებულია „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე. მისი განცხადებით, სწორედ კახა კალაძეა ერთ-ერთი ის მაღალჩინოსანი, ვინც მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით დაინტერესებულია.
კახა კალაძე ბრალდებას უარყოფს. თბილისი მერი ირწმუნება, რომ კონსულტაციები ბევრ თანაგუნდელთან ჰქონდა, თუმცა ზეწოლა არავისზე მოუხდენია და ის არის ერთ-ერთი, ვისაც საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს. დეპუტატების უმრავლესობა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას საკუთარი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალეს, დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. „ოცნების“ ყოფილი წევრები კი, რომლებმაც გუნდი პროტესტის ნიშნად გუშინ დატოვეს, ამბობენ, რომ ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.