logo
ENG



ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურასთან აქციაა - დააკავეს გიგა მაქარაშვილი

03 ივნ 202118:42
3 წუთის საკითხავი
 
ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურასთან აქციაა - დააკავეს გიგა მაქარაშვილი

პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაა. 

ადგილზე სხვა აქტივისტებიც იმყოფებიან. მათ ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "გააღეთ პანსიონის კარი", "დასაჯეთ მოძალადეები", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა", ანაფორა არ გათავისუფლების პასუხისმგებლობისგან" და სხვა. 

ელენე ხოშტარიას პროკურორთან შესვლა და მისთვის კითხვის დასმა სურდა - მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, თუმცა პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სირცხვილიას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავეს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.


close დახურვა