ნიუ-იორკის სისხლის სამართლის სასამართლოში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპი სასამართლო დარბაზში შევიდა, სადაც მას ბრალდებებს წარუდგენენ. დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.
CNN-ის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მედია ვერ შეძლებს ტრამპისადმი ბრალდების წაყენების პირდაპირ ტრანსლირებას.
პროცესის დაწყებამდე 5 ფოტოგრაფს მიეცა საშუალება, ფოტოები გადაუღონ დონალდ ტრამპსა და სასამართლო დარბაზს.
სასამართლოში მისული დონალდ ტრამპი ოფიციალურად დააკავეს და ბრალის წაყენებამდე ფორმალურად დააპატიმრეს.
დაკავების დროს ტრამპს არ დაადეს ხელბორკილები, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის სტატუსით სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
76 წლის დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ამ წუთებში, სასამართლო შენობის გარეთ, სადაც დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილნი, ხმაურია. გავრცელებული ინფორმაციით, იყო დაპირისპირების შემთხვევებიც.
ტრამპისთვის ბრალდების წაყენების შესახებ ცნობა 30 მარტს გავრცელდა. ისტორიული პროცესი ეხება გაჩუმებისთვის გადახდილ თანხას, რომელიც 2016 წლის არჩევნებამდე პორნოვარსკვლავს გადაუხადეს, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპთან წარსულში სექსი ჰქონდა. კერძოდ საუბარია, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა ყოფილ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს 130 ათასი დოლარი გადაურიცხა. ტრამპი ყველა ბრალდებას და დენიელსთან რაიმე კავშირს უარყოფს.
შეთანხმებები საიდუმლო გადახდების შესახებ არალეგალური არაა, თუმცა მანჰეტენის პროკურორი იძიებს, გადახდასთან დაკავშირებული საქმიანი ჩანაწერები ხომ არ იყო ფალსიფიცირებული.