logo
ENG



ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს აქტივისტს და რუსულ და უკრაინულ NGO-ებს გადაეცათ

07 ოქტ 202216:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/07/55dfu9yjg33yoev.jpg
Niklas Elmehed / Nobel Prize Outreach

2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუსის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ვესნას დამფუძნებელს, ალეს ბელიაცკის, რუსეთის ადამიანის უფლებადამცველ ცენტრ მემორიალს და უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს გადაეცათ.

ნობელის კომიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 2022 წლის გამარჯვებულები 3 ქვეყნის: რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას წარმომადგენენ, ვინც მრავალი წელია, ამ ქვეყნებში ხელისუფლების კრიტიკის უფლებას ხელის უწყობენ და ადამიანის უფლებებს იცავენ. 

„მშვიდობის პრიზის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავის ქვეყნებში. ისინი მრავალი წელია მხარს უჭერენ ხელისუფლების კრიტიკის უფლებას და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ შესანიშნავი ძალისხმევა გაწიეს, რათა აღერიცხათ ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ერთად ისინი წარმომადგენენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ბელიაცკიმ ადამიანის უფლებათა ცენტრი ვესნა 1996 წელს შექმნა. ის 2011 წელს გადასახადებისგან თავის არიდების საბაბით დააპატიმრეს. მისი პატიმრობა საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

ბელიაცკიმ ციხე 2014 წელს დატოვა. 2021 წლის ზაფხულში კი ის ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივ პროტესტში მონაწილეობის გამო დააკავეს. ის ახლა ციხეშია.

რუსული მოძრაობა მემორიალი 1987 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იმ ადამიანების ხსოვნის შენარჩუნება იყო, ვინც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხხვერპლა. მოძრაობის წევრები აგროვებდნენ ხელმოწერებს რეპრესიების მხვერპლთა მემორიალური კომპლექსისა და მონუმენტის შესაქმნელად. სახელმწიფოს ტერორის წინააღმდეგ კი მართავდნენ დემონსტრაციებს, გამოფენებსა და სემინარებს. 

2021 წლის ზამთარში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მემორიალი უცხოელ აგენტებად აღიარა და გააუქმა. ორგანიზაციას ბრალად ედებოდა სახელმწიფო ფიგურების დისკრედიტაცია და "საბჭოთა კავშირის, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს შესახებ არასწორი სურათის შექმნა“.

უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი 2007 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატიის გავრცელებაა. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და უკრაინის ხელისუფლებას მათი მხრიდან ჰქონდა მნიშვნელოვანი წნეხი, რომ ქვეყანა სრულად დემოკრატიული გამხდარიყო.

„ნორვეგიის ნობელის კომიტეტს სურს პატივისცემა გამოხატოს  მეზობელ ქვეყნებში: ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და მშვიდობის 3 შესანიშნავი დამცველისადმი“ - თქვა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბერიტ რეის ანდერსენმა.

ანდერსენმა ბელარუსს ბელიაცკის ციხიდან გამოშვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს პრიზი მას პუტინთან წინააღმდეგობის გამო არ გადაეცა.

„ჩვენ ყოველთვის გავცემთ პრიზებს რაღაცისთვის და არა რაღაცის წინააღმდეგ“ - განაცხადა ანდერსონმა.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელის დენ სმიტის თქმით, მშვიდობის პრიზის შესახებ გადაწყვეტილება ნობელის კომიტეტის მხრიდან გზავნილია, რომ „პოლიტიკური თავისუფლებები, ადამიანის უფლებები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მშვიდობის ნაწილია“.

სმიტის თქმით, პრიზი ბელიაცკის სულისკვეთებას აუმაღლებს და გააძლიერებს უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს, რომელიც კორუფციასაც ებრძვის.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მემორიალი დაიხურა, ის სიცოცხლეს იდეის სახით აგრძელებს - რომ სწორია, გააკრიტიკო ხელისუფლება და ფაქტები და ისტორია მნიშვნელოვანია“- განაცხადა სმიტმა.

 

close დახურვა